ცოტა რამ მათემატიკის შესახებ...
მათემატიკა, რომელიც
ძველ საბერძნეთში ძვ. წ. VI-V
საუკუნეებში ჩამოყალიბდა, „ცოდნას, მეცნიერებას“ ნიშნავს. იგი დროთა განმავლობაში
ჩინეთსა და ინდოეთშიც განვითარდა. უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში გაშიფრეს ბაბილონის
ლურსმული მათემატიკის ტექსტები. ბაბილონელებს სპეციალური ცხრილების საშუალებით შეეძლოთ
სხვადასხვა სახის ამოცანები ამოეხსნათ. ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა გიბსმა მათემატიკა
სულ სამი სიტყვით დაახასიათა: „მათემატიკა ეს ენაა.“
მათემატიკა რამოდენიმე
ნაწილისგან შედგება. ესენია: არითმეტიკა, ალგებრა, გეომეტრია, ტრიგონომეტრია, მათემატიკური
ანალიზი, მათემატიკური ლოგიკა და სხვა.
არითმეტიკა ბერძნული სიტყვაა და „რიცხვს“ ნიშნავს. ის არის მეცნიერება
რიცხვებისა და ამ რიცხვებზე არითმეტიკულ მოქმედებათა (შეკრება, გამოკლება, გამრავლება,
გაყოფა) შესახებ. მათემატიკის მრავალი ცნება აიგება ნატურალური რიცხვების საშუალებით,
ამიტომ არითმეტიკა წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად მათემატიკურ მეცნიერებას. არითმეტიკა
უძველეს დროში შეიქმნა თვლასა და უმარტივეს გაზომვებთან დაკავშირებულ პრაქტიკულ მოთხოვნათა
საფუძველზე. პირველი სარწმუნო წყარო არითმეტიკული ცოდნის შესახებ ძველი ეგვიპტის პაპირუსებშია,
რომლებიც ჩვ.წ.აღ. 2000 წლის წინ არის დაწერილი. ბაბილონელების არითმეტიკული კულტურის
საკმაოდ მაღალ დონეზე მეტყველებს ჩვ. წ. აღ. 2-3 ათასი წლის წინ შედგენილი ლურსმული
მათემატიკური ტექსტები. ძველმა ბერძენმა მათემატიკოსებმა კი საფუძველი ჩაუყარეს არითმეტიკის
თეორიის საკითხების დამუშავებას. მათ მოგვცეს რიცხვთა თეორიის პირველი თეორემები. არითმეტიკის
განვითარება დაკავშირებულია ინდოეთის კულტურასთან, რამაც დიდი გავლენა მოახდინა, როგორც
წინა აზიისა და ევროპის, ისე აღმოსავლეთ აზიის (ჩინეთი, იაპონია) ქვეყნებზე. რუსეთში
მე-18 საუკუნის დასაწყისში ბერძნული ნუმერაციის მსგავს სლავურ ანბანურ ნუმერაციას იყენებდნენ.
საქართველოში ძველი დროიდან მე-19 საუკუნემდე ქართულ ანბანურ ნუმერაციას იყენებდნენ,
თუმცა მე-10 საუკუნეში არაბებისაგან ინდური ციფრებიც გადმოიღეს.
რუსი მათემატიკოსი
მაგნიცკი არითმეტიკის შესახებ ამბობდა: „არითმეტიკა არის მხატვრობა პატიოსანი, არასახარბიელო,
ყველასათვის ადვილად გასაგები, დიდად სასარგებლო, დიდად საქები, უძველეს და უახლოეს
დროს მცხოვრებ არითმეტიკოსთა მიერ გამოგონებული და გადმოცემული.“